უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება.
ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ.
იზღუდება მოქალაქეების ფეხით გადაადგილებაც.
შეზღუდვის დარღვევისთვის ჯარიმა 2 ათასი ლარია.
კომენდანტის საათი, რომელსაც ხელისუფლება "გადაადგილების შეზღუდვას" უწოდებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მოტივით დაწესდა. პარალელურად, 8 ნოემბრის ღამით სახელმწიფომ ცივი წყლის ჭავლით დაშალა მშვიდობიანი დემონსტრანტები.
ახალი შეზღუდვები ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე დაწესდა - პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.