logo
ENG



დღეიდან საქართველოში სილამაზის სალონები იხსნება

18 მაი 202008:29
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებიც იხსნება. ეკონომიკის გახსნის მომდევნო ეტაპი სწორედ მსგავსი დაწესებულებების გახსნას ითვალისწინებს.

თუმცა სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი თამარ შარაშენიძე აცხადებს, რომ  მუშაობას ვერ განაგრძობენ ის ცენტრები, რომლებიც  მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებშია განთავსებული.

„დღეიდან სალონები იხსნება. რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებელი წინასწარ უნდა ჩაეწეროს და აუცილებლად პირბადით მივიდეს სალონში. რაც შეეხებათ სხვა რეგულაციებს - იქ დახვდებათ დეზობარიერი. გარდა ამისა, სალონში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ორმეტრიანი დისტანცია სამუშაო ადგილებს შორის. თუ ეს ვერ ხერხდება გამყოფი შირმა უნდა არსებობდეს. ხუთ კვადრატულზე ერთი მომხმარებლის მიღება შეუძლია სალონს. ჯერჯერობით ვერ გაიხსნებიან მიწისქვეშა სალონები“, - განაცხადა შარაშენიძემ.

თამარ შარაშენიძეს განცხადებით სალონები ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იხსნება. დაწესებულებებს მუშაობა შესაბამისი რეგულაციების  და რეკომენდაციების გათვალისწინებით მოუწევთ.

ასევე დღეიდან იხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრებაზე, თუმცა ძალაში რჩება 10 ადამიანზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა. ცვლილება არ ეხება ავტომანქანთ გადაადგილებას. მანქანაში მგზავრთა რაოდენობა კვლავ სამი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კვლავ დახურულია სავაჭრო ცენტრები და რესტორნები. 22 მაისამდე კი ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.


close დახურვა