logo
ENG



დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება შეიძლება, დახურულში - რეპეტიციების

13 ივლ 202013:51
3 წუთის საკითხავი
clock 488

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

გადაწყვეტილების მიხედვით, ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება.

ამასთან, საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, მიმდინარეობს რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიარეისებს ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი ასრულებენ. დღეს შესრულდება რეისი ვარშავა-თბილისი, მომდევნო დღეებში კი ფრენები განხორციელდება შემდეგი განრიგით: 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.


close დახურვა