logo
ENG



დღეს, 14:00 საათზე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

12 აპრ 202110:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/12/0g51uezdj1ma58u.jpg

დღეს, გირჩი - მეტი თავისუფლების ორგანიზებით, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

სოლიდარობის აქცია უკრაინის საელჩოსთან 14:00 საათზე დაიწყება. ამ  ინფორმაციას გირჩი - მეტი თავისუფლება  სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პარტია მოქალაქეებს აქციაზე უკრაინის დროშებით მისვლისკენ მოუწოდებს.

"უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც რუსეთმა სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან. მათივე განმარტებით, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან მასშტაბურ წვრთნებს ატარებს და შეტევითი ხასიათი არ გააჩნია შექმნილ გარემოებაში, როცა საქართველო და უკრაინა ღიად ისწრაფვის ნატოსკენ, აგრესორი ქვეყნის ამგვარი სამხედრო მობილიზაცია - წარსული გამოცდილების გათვალისწინებით - აშკარა საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს. გარდა იმისა, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარია, ის აქტიურად ლობირებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა გაჩუმება და მშვიდად ყურება თუ როგორ ემუქრება რუსეთი უკრაინის დასავლურ გზას, ნიშნავს, რომ ოკუპანტის იმპერიალისტური მანქანა ჩვენამდეც მოვა. მოვა იმაზე ახლოს, ვიდრე არის დღეს. ამიტომაც, ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ვისაც გესმით დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი, გირჩი - მეტი თავისუფლება, ორშაბათს, 14:00 საათზე, დაგხვდებათ უკრაინის საელჩოსთან, სადაც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ხმამაღლა დავაფიქსირებთ. შემოგვიერთდით, წამოიღეთ უკრაინის დროშა და ერთი გირჩი ჩვენი სოლიდარობის ნიშნად", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასთან ვითარება რამდენიმე კვირაა, კვლავ დაიძაბა. რუსული სამხედრო დანაყოფები უკრაინის მიმართულებით ისვრიან. 

10 აპრილს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონბასში 10-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, კიდევ ერთი - დაიჭრა. 

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა ე.წ საზღვართან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება. თუმცა, გეგმავს, საფრთხე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას. 

კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება". 

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ". 


close დახურვა