გაერთიანებული ოპოზიცია დღეს, 8 ნოემბერს 15:00 საათზე მასშტაბური აქციისთვის ემზადება.
ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი აქციაზე საერთო განცხადებას გააკეთებენ.
პარლამენტთან აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია, ადგილზე სხვადახვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები იმყოფებიან. ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ გარდა ცესკოს ადმინისტრაციის გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარებისა, ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრების გამოშვებასაც მოითხოვენ. მათ შორის იმ პირებისაც, რომლებიც გუშინ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს.
"ჩვენ ვითხოვთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. ეს ეხება, როგორც გიორგი რურუას, ისე ბოლო დროს დაკავებულ ადამიანებს, იქნება ეს კარტოგრაფების საქმე, თუ გუშინ დაკავებული რამდენიმე ადამიანი, ისნის საოლქო კომისიის წევრებს ვგულისხმობ", - ამბობს თარხნიშვილი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნების ჩატარებაა და არჩევნები უნდა ჩატარდეს ცესკოს ისეთი ადმინისტრაციის პირობებში, რომელსაც ლეგიტიმაციას ხალხი მისცემს.
"ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის ხელახალი არჩევნები. საქართველოს მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, ვინ იქნება ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში, ოღონდ არა ჟვანიას მიერ დათვლილი ხმებით, არამედ იმ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, რომელსაც ლეგიტიმაციას მისცემს საქართველოს მოსახლეობა",-აცხადებს უდუმაშვილი.
პარლამენტთან ასევე იმყოფება პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილის თქმით, თუ საზოგადოებას ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება უნდა მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები რეალური შინაარსის პირობებში ტარდებოდეს.
"მე აქ ველოდები ამ ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანებს, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის ქვეყნის მომავალი, იმიტომ, რომ აქ ქვეყნის მომავალზეა ლაპარაკი და მეტზე არაფერზე. თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, ამისთვის აუცილებელია რომ არჩევნები ტარდებოდეს, ოღონდ არჩევნებს ჰქონდეს რეალური შინაარსი",-თქვა ელისაშვილმა.
თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან ქუთაისიდან ფოთიდან და გორიდან.
ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.
როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.
ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893.
პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400;
ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19;
ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850;
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.
ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED 1-ლ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა.
მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და TI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. საია-ს განცხადებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა 79 უბანთან დაკავშირებით.
თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს, სავსებით შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.