logo
ENG



დღეს თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვინთ აქციას გამართავს

10 ოქტ 202111:56
3 წუთის საკითხავი
 

ვადამდელი არჩევნებისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სახალხო მოძრაობა დღეს აქციას გამართავს.

აქცია გამაფრთხილებელი იქნება და ის რუსთაველის გამზირზე 5 საათზე დაიწყება.

მოძრაობის ხელმძღვანელი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ აქციები პერმანენტული იქნება და ისინი შეუერთდებიან 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციას შეუერთდებიან. 

"17:00 საათზე რუსთაველზე სახალხო მოძრაობა ვაანონსებთ დიდ მრავალათასიან აქციას. ყველაფერი ეს ერთად არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი - ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი, რომელიც ებრძოდა და ებრძვის რუსეთს და ის საჩუქარი, რომელიც გაუკეთა ვლადიმერ პუტინს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს ადამიანი შიმშილობს და მის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. ამასთან, ზუსტად იმისთვის, რომ არ მოხდეს გაყალბება, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა, ისეთი რუსთაველი, როგორიც 20 ივნისს ვაჩვენეთ. სირცხვილია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მომუშავე პრეზიდენტი მოვაკვლევინოთ ოსტატურად რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას". - ამბობს თაკო ჩარკვიანი. 

14 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-მ გუშინ, 9 ოქტომბერს, ზუგდიდში გამართულ აქციაზე დააანონსა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ის ამბობს, რომ არ აპირებს შიმშილი შეწყვიტოს და აღნიშნავს, რომ ციხიდან ბრძოლის სხვა ფორმა შეზღუდული აქვს. 

თუმცა, პენიტენციური სამსახურის თქმით, ექსპრეზიდენტმა უკვე მიიღო რამდენიმე ქილა თაფლი და წვენი. 

7 ოქტომბერს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქეილ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შევიდა და პატრიარქის თხოვნით შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რაზეც ექსპრეზიდენტმა უარი განაცხადა.

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.


close დახურვა