თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ექსპრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების განხილვას იწყებს.
ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას. ექსპრეზიდენტი ექიმების რეკომენდაციას ელოდება.
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მან გაავრცელა წერილი, სადაც ამბობს, რომ "ცუდად არის, მაგრამ სურს სასამართლოზე დასწრება, რომელიც მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს".
დღევანდელ სხდომაზე ჩვენებებს ცენტრ ემპათიას წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები მისცემენ, რომლებმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მრავალგვერდიანი დასკვნა მოამზადეს.
სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ჩანიშნეს.