დღეს, 16 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმის სასამართლო სხდომა გაიმართება.
ადვოკატებს პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ და ელიან, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ ევროს დააკისრებს.
მოვლენების მსგავსი განვითარებისა და იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, ფორმულას შესაძლოა, ყადაღა დაემუქროს. ტელეკომპანიის დამფუძნებლების, ადვოკატებისა და მედია ექსპერტების შეფასებით, სწორედ ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანიც - ჩაახშოს დამოუკიდებელი მედიის ხმა.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ კეზერაშვილის საქმის განხილვა არის "ერთი დიდი ბრძოლის ნაწილი და ხელისუფლება ცდილობს, შექმნას სამართლებრივი ბაზა და კონკრეტული მომენტის დადგომის შემთხვევაში, აამოქმედოს ბერკეტი ტელეკომპანიის წინააღმდეგ".
"ცხადია, რომ ეს არის ერთი დიდი ბრძოლის ნაწილი. ბრძოლისა, რომელიც დაიწყო რუსთავი 2-ის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც რუსთავი 2-ის დამფუძნებლები შეიცვალა, ამ პროცესს მოჰყვა 2 არხის დაფუძნება: ფორმულა და მთავარი გაჩნდა. მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაც მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ ამას გამოეწვია ტელეკომპანია მთავარის დახურვა და ფორმულას შემთხვევაშიც, ეს არის ამ ბრძოლის გაგრძელება და ხელისუფლება ცდილობს, შექმნას სამართლებრივი ბაზა იმისთვის, რომ ეს კრიტიკული მომენტი თუ დადგება, ერთგვარი გამოკვრის მახვილი უნდა ეკიდოს ჩვენს თავს და შემდეგ ეს ბერკეტი ამუშავდება, იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. ცხადია, ეს იქნება რთული პროცესი, გვაქვს იმედი, რომ საზოგადოებაც იქნება აქტიური, როგორც ქვეყნის შიგნით. ცხადია, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ყურადღებით დააკვირდებიან ამ პროცესს", - ამბობს გუმბარიძე.
ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე "პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული".
"თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეზე იყო პოლიტიკური მოტივებით განპირობებული და ეს აშკარად იკითხება იმ კონტექსტში, რომელიც ამ საქმეს თან ერთვის და ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე იყო ყოვლად დაუსაბუთებელი და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებული. საუბარია იმაზე, რომ ზიანი, რომელზეც მხარე დავობს, არ არსებობს, რადგანაც შესაძლებელია პრობლემური ყოფილიყო მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც ფურცლის არსებობა, თუმცა მოწმეები ცალსახად ადასტურებდნენ იმაზე, რომ ეს წვრთნები რეალურად ტარდებოდა", - ამბობს ადვოკატი.
2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.