logo
ENG



ე.წ. ოფშორების კანონი ძალაში შევიდა

04 ივნ 202417:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/04/st2e0lubm7iqlwk.jpg

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით ე.წ. ოფშორების კანონი ამოქმედდა. მან კანონის ძალაში შესვლას ხელი დღეს, 4 ივნისს მოაწერა.

ე.წ. ოფშორების კანონი მესამე მოსმენით 19 აპრილს მიიღეს, 3 მაისს კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 29 მაისს დაძლია. 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში ის მიუთითებდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება დაჩქარებული წესით, განხილვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე მიიღონ. ის ამბობს, რომ ფორმა, როგორც და როდესაც იქნა განხილული და მიღებული ეს კანონი, მიუღებელი და დაუშვებელია.

ასევე, მოტივირებულ შენიშვნებში ის აღნიშნავდა, რომ სამართლიან კრიტიკას იმსახურებს კანონის შინაარსი და ცვლილებებით იქმნება გაუმართლებელი არათანაბარი, დისკრიმინაციული გარემო. ის აცხადებდა, რომ ცვლილებებმა დარგის არაერთი ექსპერტის და სპეციალისტის სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა. 

მოტივირებულ შენიშვნებში მას მოყვანილი ჰყავდა დარგის ექსპერტების შეფასება, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, რამე თუ გამჭვირვალობა და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირში ბიზნესის წარმოების სავალდებულო მოთხოვნაა.

***

პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. 

ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები წესდება:

ა) აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;

ბ) აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;

გ) საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. 

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთანაა დაკავშირებული.


close დახურვა