ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კობა ხაბაზი გამოეხმაურა.
"დიახ, მე უნდა მისჯიდეს სასჯელს რუსეთის ფედერაცია, იმიტომ, რომ მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.
მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც უკრაინაში შეიჭრა. დიახ მე ვიბრძოდი ქართულ ლეგიონში, ეს ჩემი სიამაყეა და ყოველთვის ვიბრძოლებ, იმიტომ, რომ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიყვარს უკრაინა.
ეს არის ჩემთვსი საამაყო, რომ ვიბრძოდი უკრაინის მხარეს, ეს იყო ჩემი ვალი ანწუხელიძის წინაშე, ეს იყო ვალის გადახდა იმ ქართველი მებრძოლების წინაშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაეცნენ",– თქვა კობა ხაბაზმა ტელეკომპანია პირველთან საუბრისას.
ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კობა ხაბაზს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. მედიის ცნობით, ხაბაზზე ამჟამად საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის ცნობით, კობა ხაბაზი დაქირავებული მებრძოლი იყო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა.
"სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციის გათვალისწინებით, ხაბაზი დაუსწრებლად იქნა გასამართლებული და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში.
დადგენილია, რომ 2022 წლის მარტში ხაბაზი პოლონეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით ჩავიდა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც დაქირავებულის სტატუსით შეუერთდა „ქართული ეროვნული ლეგიონს“.
სასწავლო ბაზებზე მან გაიარა სამხედრო მომზადება, უზრუნველყოფილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით და 2026 წლის იანვრამდე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სხვადასხვა საბრძოლო შეხების წერტილებში. მის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის პერიოდში მიღებულმა ანაზღაურებამ 3.6 მილიონ რუბლს გადააჭარბა", – ნათქვამია ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურის განცხადებაში.
