მატჩი საქართველოსა და ირლანდიას შორის 17:00სთ-ზე დაიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრები მისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს ხვდება - აქამდე საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ათი შეხვედრიდან 9 მატჩი ირლანდიამ მოიგო, 1 კი ფრედ დასრულდა. დიდია სხვაობა გატანილ ბურთებს შორისაც - 18:5 ირლანდიის სასარგებლოდ.
ირლანდიელები ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან, მათ ანგარიშზე 8 მატჩიანი წაუგებელი სერიაა. მიკ მაკარტის გუნდი მოპოვებული 11 ქულით D - ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა მზადების ხუთდღიანი მონაკვეთი და მომდევნო ირლანდიასთან გასამართი მატჩი ასე შეაფასა: ირლანდია კარგი გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და ხარისხი მან დღემდე გამართულ შეხვედრებში უკვე აჩვენა. რა თქმა უნდა, ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ დარჩენილი მატჩები ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრისთვის მოსამზადებელი ეტაპიცაა. იქ წარმატება კი ყველას ოცნებაა.
შეგახსენებთ, რომ „დინამო არენა“ საქართველო-ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით, 16:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე მთლიანად დაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები, კერძოდ:
გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა - ნაწილობრივ;
მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ - ვახუშტის ხიდის მიმართულებით;
აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით;
აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში ამ დრომდე 3 წაგება, 1 ფრე და 1 მოგება აქვს. ვაისის გუნდი 4 ქულით ჯგუფში მხოლოდ გიბრალტარს უსწრებს, რომელმაც ყველა შეხვედრა წააგო.