საქართველოში მიმდინარე პროცესებით და "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას დაკავებით უკმაყოფილოა ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი მიხაელ გალერი.
როგორც გალერი "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, მიუღებელია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის საქმის პროკურორიც და მოსამართლეც ერთი და იგივე პირი იყოს.
"გვჭირდება დიალოგის გაგრძელება. მთავრობისთვის ცნობილია ყველა შეკითხვა და შეშფოთება რაც გვაქვს. უფრო დეტალურად სიტუაციას ელჩების მეშვეობით გავარკვევთ. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს დეტალები ის ფაქტი, რომ გიგი უგულავას საქმეში ფიგურირებს ყოფილი პროკურორი, რომელიც ახლა მისი მოსამართლე იყო ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ეხება მოსამართლეების დანიშვნასაც. იყო ვენეციის რეკომენდაციები, მაგრამ დანიშნეს ხალხი, რომელთა კვალიფიკაციაზე ეჭვი გაჩნდა. ეს ყველაფერი მისახედია. ქვეყანას სურს ევროინტეგრაცია, მაგრამ მან ეს უნდა დაამტკიცოს. შეუძლებელია აფრიალო ევროპული დროშა და თან ძველებურად იქცეოდე. ხალხი ელის რომ მათი ქვეყანა ნორმალური, ევროპული სახელმწიფო იქნება“, - ამბობს მიხაელ გალერი.
ამავე საკითხზე კომენტარი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრიჩეკიმაც გააკეთა. პეტრიჩეკის განცხადებით, უგულავას საქმის დეტალებზე ის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს გაესაუბრება.
"გიგი უგულავას დაკავების შესახებ ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დეტალებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილავ. რაც შეეხება პოლარიზებულ ვითარებას, ის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შეიძლება იყოს, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო საჭიროა ფართო და ყოვლისმომცველი დისკუსიების წარმოება. განსაკუთრებით ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე როგორიც რეფორმებია. რეფორმების გატარებას მოითხოვს ასოცირების შეთანხმება და მისი ყველა პირობა უნდა შესრულდეს. მხარს ვუჭერთ რეფორმებს საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დასაახლოებლად“, - განაცხადა პეტრიჩეკიმ.