logo
ENG



ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებზე დღეს იმსჯელებს

22 თებ 202213:26
3 წუთის საკითხავი
 
ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებზე დღეს იმსჯელებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ივ ლე დრიანის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთს დაუწესებს სანქციებს დონბასში რუსული ჯარების "მოუღებელი" შესვლის გამო. 

"ცხადია, ჩვენ ვაპირებთ სანქციების ინიცირებას. ეს [ჯარების შესვლა] საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმაა. რუსეთი თავად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს და მინსკის შეთანხმებას, რომელსაც თავად მოაწერა ხელი. ვითარება ძალიან სერიოზულია". - თქვა ლე დრიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპელ ლიდერებს სამი მესიჯი აქვთ - რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის გამოხატვა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა და ევროპის ერთიანობის ჩვენება. 

მინისტრების გადაუდებელი შეხვედრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მოიწვია. 

მისი განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხს დღეს, შუადღისას განიხილავს. 

"ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან სწრაფად. ეს ნიშნავს დღევანდელ შუადღეს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს სრულმასშტაბიანი შეჭრაა, მაგრამ რუსები უკრაინის მიწაზე არიან". - ამბობს ბორელი

დღესვე განიხილავს რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტს დიდი ბრიტანეთი.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 


close დახურვა