ევროკავშირი უნგრეთის ჩართულობას საკვანძო მოლაპარაკებებში ამცირებს, რადგან ეჭვობს, რომ შესაძლოა, კონფიდენციალური ინფორმაცია მოსკოვის ხელში აღმოჩნდეს. ინფორმაციას ამის შესახებ, წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა "Politico" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ რადგან შესაძლოა, უნგრეთი ინფორმაციას პირდაპირ მოსკოვს აწვდიდეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობებს შორის შეხვედრების ფორმატები შეიცვალა და ლიდერები ერთმანეთს არა გაფართოებულ ფორმატში, არამედ "ვიწრო წრეში" ხვდებიან.
"პოლიტიკოს" წყარო უყვება, რომ უნგრეთის მოსკოვისთვის შესაძლო ჯაშუშობის შესახებ ევროკავშირს ოფიციალური რეაგირება ჯერჯერობით არ ექნება, რომ ამან უნგრეთში 12 აპრილს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენა არ მოახდინოს.
რამდენიმე დღის წინ ამერიკული გამოცემა "The Washington Post" იტყობინებოდა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს "პირდაპირ ანგარიშებს" აწვდიდა ევროკავშირის შეხვედრებზე განხილული საკითხებისა თუ შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ.
