logo
ENG



ევროკავშირი ჰომოფობიური კანონპროექტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას გმობს

04 სექ 202415:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/04/ln8bpxp364dpjw6.jpg

ევროკავშირი ჰომოფობიური კანონპროექტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას გმობს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.

"ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული.

ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს. ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

კანონპროექტის განხილვასა და კენჭისყრას არ დაესწრო ოპოზიცია.

აღნიშნული კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ


close დახურვა