ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს.
Reuters წერს, რომ სანქციების ახალი პაკეტი მიმართულია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციების ჩახშობაში და ქვეყნის მიერ რუსეთის მხარდაჭერაში.
სააგენტო Dpa-ს ცნობით, სანქციების სამიზნეა დაახლოებით 30 სუბიექტი, მათ შორის არიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურები, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ესქანდარ მომენი და გენერალური პროკურორი მოჰამად მოვაჰედი აზადი.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა X-ზე დაწერა, რომ 29 იანვარს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ "გუშაგთა კორპუსი" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება "წარმატებაა ირანელი ხალხისთვის, კაცობრიობისთვის და ევროკავშირისთვის, როგორც ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია და ჩვენ [ევროკავშირი] ყველგან ვიცავთ მათ".
15 იანვარს აშშ-მა დაასანქცირა ირანის ოფიციალური პირები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაში არიან დადანაშაულებულნი.
სანქციების სიაში მოხვდა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანიც, რომელსაც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ერთ-ერთ პირველ ოფიციალურ პირად ასახელებს, რომელმაც ირანელი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებისკენ მოუწოდა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ასევე სანქციები დაუწესა 18 ფიზიკურ პირსა და კომპანიას - აშშ-ის განცხადებით, ისინი ირანული ნავთობის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გათეთრებაში მონაწილეობდნენ. ეს სანქცირებული ირანული ფინანსური ინსტიტუტების ჩრდილოვან საბანკო ქსელს უკავშირდებოდა.
