ევროკავშირის საგარეო სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისთანავე ევროკავშირმა არაერთხელ მოითხოვა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება. დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ ვახმიანებთ ჩვენს მოლოდინს, რომ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ვაჟა გაფრინდაშვილს და ის დაუბრუნდება ოჯახს. ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმა ადგილობრივი მოსახლეობის შეუზღუდავი და თავისუფალი გადაადგილების აღსადგენად“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 20 დეკემბერს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.