პირველად ისტორიაში, ევროკავშირი განიხილავს სანქციებს დაწესებას "უცხოური აქტორებისთვის", რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ, ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა რუსეთი ან ჩინეთი. ევროპული კომისიის სამუშაო დოკუმენტი, რომელსაც ორ დეკემბერს წარადგენენ, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
ევროპული დემოკრატიის სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიამ უნდა წარადგინოს, ამბობს, რომ 27-მა წევრმა ქვეყანამ უფრო სისტემატურად უნდა გამოიყენოს მათ ხელთ არსებული რესურსები უცხოური გავლენებისა და ჩარევის წინააღმდეგ. მათ შორის, უცხოურ აქტორებს ჩარევისთვის ფასი გადაახდევინონ. შესაძლო პასუხი გულისხმობს სანქციების დაწესებას, თუ ასეთი დარღვევები განმეორებით ხასიათს ატარებს.
ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. დოკუმენტში ასევე საუბარია უფრო მკაცრი წესების გამოყენებაზე გაუმჭვირვალე ონლაინ პლატფორმების წინააღმდეგ, რომლებსაც იყენებენ დეზინფორმაციულ ოპერაციებში.
დოკუმენტში განხილულია ისიც, რომ ზოგიერთი ქვეყანა, კერძოდ, რუსეთი და ჩინეთი, აწარმოებდნენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას კოვიდ-19-ის შესახებ, როგორც ევროკავშირში, ასევე მის სამეზობლოსა და მსოფლიოში. მიზანი კი საკუთარი იმიჯის გაუმჯობესება, საზოგადოებაში პოლარიზაციის ზრდა და დემოკრატიული დისკუსიისთვის ძირის გამოთხრაა.
East StratCom Task Force-მა, რომელიც ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის განყოფილებაა, რუსეთის მხრიდან 500-ზე მეტი დეზინფორმაცია მხოლოდ წელს გამოავლინა კოვიდ-19-ის შესახებ. 2015 წლიდან კი პრო-კრემლისტური დეზინფორმაციის 10 000 მაგალითი მოაგროვა.