logo
ENG



ევროკავშირმა და აშშ-მა იშვიათ მინერალებზე სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს

24 აპრ 202620:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/24/u28jmer8hygak3y.png

ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირმა და აშშ-მა იშვიათ მინერალებზე სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს.

შეთანხმებას ვაშინგტონში ევროკავშირის ვაჭრობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მოაწერეს ხელი.

აღნიშნულია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს იშვიათი მინერალების შესყიდვის წახალისებას, მათ შორის მინიმალური ფასების მექანიზმების შექმნას. აღნიშნული ზომები უპირატესობას მიანიჭებს იმ მომწოდებლებს, რომლებიც ჩინურ კომპანიებს არ წარმოადგენენ.

როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, სტრატეგიული რესურსების ერთ ან რამდენიმე ქვეყნის კონტროლის ქვეშ მოქცევა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოში, განსაკუთრებით დასავლელ მოკავშირეებსა და ევროპაში, იზრდება ცნობიერება იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვები და კრიტიკული მინერალები ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

"დღეს ევროკავშირმა და აშშ-მა კრიტიკულ მინერალებზე სტრატეგიულ პარტნიორობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი და კრიტიკულ მინერალებზე ევროკავშირი-აშშ-ის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. სამოქმედო გეგმის თანახმად, ევროკავშირი და აშშ აპირებენ ერთად იმუშაონ სავაჭრო პოლიტიკისა და ინსტრუმენტების ფართო სპექტრის შესწავლაზე, რათა კოორდინირებული საერთაშორისო ქმედებები გააძლიერონ. ეს შეიძლება მოიცავდეს საზღვრების შესაბამისად კორექტირებულ მინიმალურ ფასებს, სტანდარტებზე დაფუძნებულ ბაზრებს, ფასების სხვაობის სუბსიდიებსა და სარეალიზაციო შეთანხმებებს. დამატებით, თანამშრომლობა, სავარაუდოდ, ფოკუსირებული იქნება მოპოვების, გადამუშავებისა და ხელმეორედ გამოყენების საერთო სტანდარტების შემუშავებაზე, ინვესტიციების წახალისებაზე, ერთობლივ კვლევასა და ინოვაციებზე", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა