ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა. სანქციები მოიცავს რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის თქმით, სანქციები ასევე გულისხმობს რუსი დიპლომატების გადაადგილებას.
"ჩვენ ახლახან სანქციების მე-19 პაკეტი მივიღეთ. ის მიზანში იღებს რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ინდოეთსა და ჩინეთში არსებულ სუბიექტებს. ევროკავშირი დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს. პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება"- წერს კალასი.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სანქციები აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან ნათელი სიგნალია, რომ გრძელდება ზეწოლა აგრესორზე.
"ვაფასებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან დღევანდელ საუბარს და სამინისტროს გადაწყვეტილებას, სანქციები დაეწესებინა მსხვილი რუსული ნავთობკომპანიებისთვის იმის გამო, რომ რუსეთი სამშვიდობო პროცესისადმი ერთგულებას არ იჩენს. ევროკავშირის მე-19 პაკეტის მოახლოებულ მიღებასთან ერთად, ეს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხრიდან ნათელი სიგნალია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კოლექტიურ ზეწოლას აგრესორზე"- წერს ლაიენი.
