შესაძლოა ევროკავშირმა ბალკანეთის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
ამის შესახებ გამოცემა euobserver ევროკავშირის შიდა დოკუმენტის საფუძველზე წერს. დოკუმენტი euobserver-სთვის ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის ბალკანეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გახდა ხელმისწავდომი.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზად მოლდოვიდან, საქართველოდან და უკრაინიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები და არალეგალების რიცხვის ზრდა სახელდება.
როგორც euobserver აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ წამოაყენა.
მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ 90 დღის განმავლობაში მოგზაურობის უფლება 2009 წლის დეკემბრიდან აქვთ.
ალბანეთს და ბოსნია-ჰერცოგოვინას უვიზოდ მოგზაურობის უფლება 2010 წლიდან მიეცათ, მოლდოვას - 2014 წლიდან, საქართველოს და უკრაინას კი - 2017-დან.
გერმანიამ საქართველო მოლდოვასთან, უკრაინასთან, ალბანეთთან და სერბეთთან ერთად 10 პრობლემურ ქვეყანას შორის დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო გასულ წელს მიმოსვლა შეიზღუდა, არალეგალების რიცხვი გაიზარდა.
საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება 2017 წელს მოიპოვა. ევროკომისია უვიზო მიმოსვლას პოსტსაბჭოთა ქვეყნების მნიშნველოვან მიღწევად მიიჩნევს.
მიუხედავად ამისა, euobserver წერს, რომ "სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის" საფრთხე ახლა აქტიურად განიხილება.
ევროკომისიის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს არალეგალური ცხოვრების და თავშესაფრის მოთხოვნების რიცხვი 50%-ზე მეტით გაზრდა.
ასევე, უვიზო მიმოსვლა შეიძლება შეუწყდეს ქვეყნებს, რომლებიც თავიანთი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე უარს ამბობენ.
ევროკომიის ანგარიშში ნათქვამია, რომ გერმანიაში, გასულ სამ თვეში, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის რიცხვი, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 51%-ით გაიზარდა, მოლდოვიდან კი 429%-ით.
გერმანიის დელეგაციის თქმით, თუ ეს მონაცემები არ გაუმჯობესდება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება უფრო დაჩქარდება.
საქართველოდან და ალბანეთიდან ჩასული არალეგალებით და თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის ზრდით უკმაყოფილოა საფრანგეთი და ჩეხეთიც.
იტალია კი უკმაყოფილებას არალეგალების მოლდოვადან ზრდის გამო გამოხატავს. რომი ხაზს უსვამს, რომ მოლდოვადან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ტრეფიკინგის შემთხვევებს და შესაბამისი ქსელების მუშაობას, რომლებიც "ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლას".
მოლდოვადან არალეგალების ზრდას საგანგაშოს უწოდებს ბელგია. ბელგიისვე განცხადებით, არალეგალური ბინადრების რიცხვი გაიზარდა ჩრდილოეთ მაკედონიიდანაც, თუმცა, მათივე შეფასებით, ეს შესაძლოა დროებითი "ზაფხულის ფენომენი" იყოს.
ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის განხილვას ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს.
განახლება: აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება არ ემუქრება. მინისტრმა თქვა, რომ საქართველო აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება.
მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე გერმანიის პრეზიდენტის განცხადების თარგმანი გაავრცელა. თარგმანის მიხედვით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ამბობს, რომ ამ შეტყობინების წაკითხვა მისთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც სხვებისთვის. "აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია". - ამბობს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, საგარეო უწყების ცნობით.