ევროკავშირის ახალი მექანიზმი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს, დღეიდან, 30 დეკემბრიდან, ოფიციალურად შედის ძალაში.
ევროკომისიის განცხადებით, 2025 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა, კომისიის წინადადების საფუძველზე, ვიზების შეჩერების უფრო ძლიერი და მოქნილი მექანიზმი დაამტკიცეს. დოკუმენტის მიხედვით, განახლებული სისტემა ევროკავშირს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს უვიზო რეჟიმებთან დაკავშირებულ გამოწვევებს - მათ შორის, შეჩერების ახალი საფუძვლების, დაბალი ზღვრისა და დაჩქარებული პროცედურების მეშვეობით.
ამასთან, ევროკომისიამ 19 დეკემბერს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მერვე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საქართველოზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ კომისიამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების გამო. ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და რეკომენდაციების შესასრულებლად.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ დაარღვია ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული არაერთი ვალდებულება და ვერ შეასრულა ვიზების შეჩერების მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციები. კომისია აღნიშნავს, რომ არსებული უკუსვლა სისტემური და მიზანმიმართული ხასიათისაა, რის გამოც განიხილავს შესაბამის ზომებს განახლებული მექანიზმის ფარგლებში.
ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს. ევროკომისიის განმარტებით, ახალი მექანიზმი უზრუნველყოფს ვიზების შეჩერების ერთგვაროვან მოქმედებას ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში და აღარ იარსებებს ორმხრივი გამონაკლისები აღნიშნული პასპორტების მფლობელებისთვის.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს, ვიზის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. საბოლოო ჯამში კი, საქართველოს შეუძლია სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლის სტატუსი და გადავიდეს იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ.
ევროკომისია აცხადებს, რომ გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მიერ ვიზა ლიბერალიზაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს და ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შესაბამის ანგარიშებს ყოველწლიურად წარუდგენს.
