ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. გადაწყვეტილება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მიიღეს.
ევროკომისიის ინფორმაციით, თანხა უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალებისა და რადარების შესაძენად იქნება გამოყენებული.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროპა აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა ურყევი და კონკრეტულია. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევრო საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტებისთვის, საბრძოლო მასალებისა და რადარებისთვის, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერების ფონზე, ევროპა უკრაინის დასახმარებლად ნაბიჯებს აძლიერებს, რათა ქვეყანამ მოსახლეობის დაცვა და საკუთარი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს.
ევროკომისიის ცნობით, ახალი დაფინანსება 90-მილიარდიანი უკრაინის მხარდაჭერის სესხის (UASL) ნაწილია. ამ თანხიდან 60 მილიარდი ევრო 2026-2027 წლებში უკრაინის თავდაცვისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო 30 მილიარდი - საბიუჯეტო დახმარებისთვის.
ევროკომისიის განცხადებით, რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი დრონების გამოყენების ზრდის ფონზე, აუცილებელია ევროკავშირის მხრიდან მიწოდებების მნიშვნელოვნად გაზრდა. ამისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არსებული მარაგები, გადაიხედოს შეკვეთების პრიორიტეტები და გაიზარდოს თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოო შესაძლებლობები.
ახალი გადაწყვეტილება მანამდე დამტკიცებულ 16 მილიარდი ევროს ღირებულების შესყიდვის გეგმებს ემატება. ამ თანხიდან უკრაინას უკვე 8.35 მილიარდი ევრო აქვს მიღებული.
ევროკომისიის ინფორმაციით, ახალი შესყიდვების უმეტესობა ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებისგან განხორციელდება.
უკრაინას თანხების მიღება თავდაცვის კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების წარდგენის შემდეგ შეეძლება. ევროკომისია კონტრაქტებს შეამოწმებს, რათა დარწმუნდეს, რომ ფინანსური დახმარება შეთანხმებული მიმართულებით გამოიყენება.
ევროკომისიის ცნობით, 2022 წლიდან ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის მხარდასაჭერად ჯამში 220.2 მილიარდი ევრო გამოყვეს. მათ შორის 3.8 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან მოდის.
