logo
ENG



ევროკომისიამ 2030 წლამდე რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

08 მარ 202220:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/08/qam0wnit2rqgbdj.jpg
Yves Herman/ REUTERS

ევროკომისიამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, 2030 წლამდე რუსეთის საწვავისგან დამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, წლის ბოლომდე ევროკავშირში რუსულ გაზზე მოთხოვნა 2/3-ჯერ შემცირდეს.

ევროკომისიის თქმით, პირველი მიზანი ბუნებრივი აირის მომწოდებლებზე დამოუკიდებლების შესუსტება და გაქრობაა.

გეგმაში გაწერილია ევროპაში ენერგორესურსების ფასის ზრდაზე საპასუხო ზომები და მომავალი წლის ზამთრისთვის გაზის მარაგების შევსება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიზანია გაზის მიღების ალტერნატიული წყაროების მოძებნა, აღდგენადი გაზის წარმოების დაჩქარება და გაზის ჩანაცვლება გათბობისა და ელექტროენერგიის წარმოებით. 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება აუცილებელია, რადგან რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ჩვენ უნდა გავხდეთ რუსეთის ნავთობის, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელი. ჩვენ არ შეგვიძლია ვენდობოდეთ იმ მომწოდებელს, ვინც დაუფარავად გვემუქრება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა შევასუსტოთ ენერგოფასებზე გავლენა, გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ბუნებრივი აირის მოწოდება მომავალი ზამთრისთვის და დავაჩქაროთ სუფთა ენერგიაზე გადასვლა.

რაც უფრო სწრაფად გადავალთ განახლებად რესურსებსა და წყალბადზე, ამასთან ერთად ენერგოეფექტურობაზე, მით მალე ვიქნებით ნამდვილად დამოუკიდებლები და გავაუმჯობესებთ ჩვენს ენერგეტიკის სისტემას. მე კომისიის იდეებს ევროპელ ლიდერებთან ვერსალში ამ კვირის ბოლოს განვიხილავ და შემდეგ მათ დაუყოვნებლივ განხორციელებაზე ვიმუშავებთ“ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი.

სასწრაფო ზომები ენერგორესურსების ფასებსა და გაზის მარაგებზე

გეგმაში გაწერილია ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების პროგრამა, რაც წევრი ქვეყნების ენერგორესურსების მაღალი ფასით დაზარალებულ კომპანიებს მოკლევადიან მხარდაჭერას სთავაზობს. მათ ასევე გრძელვადიან პერიოდში ენერგორესურსების ფასების მერყეობის შემცირებაში დაეხმარება.

ევროკომისიის მიზანია, აპრილში ისეთი კანონმდებლობის წარდგენა, რაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოველი წლის 1-ლ ოქტომბრამდე მიწისქვეშა გაზის მარაგების 90%-ით შევსებას ითვალისწინებს. ეს კანონპროექტი მარაგების შევსების დონეებისა და წევრ სახელმწიფოებს შორის სოლიდარულ გადანაწილებასაც მოიცავს.

კომისია აგრძელებს გაზის ბაზრის კვლევას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არსებობს საფრთხე, რომ სხვა მომწოდებლები, განსაკუთრებით გაზპრომი ბაზარზე კონკურენციას გაართულებენ.

ენერგორესურსებზე სწრაფად მზარდი ფასებზე საპასუხოდ, კომისია ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს. იგეგმება იმ სასწრაფო ზომების მიღებაც, რომლებიც გაზის ფასების ზრდის ელექტროენერგიის ბაზარზე გავრცელების ეფექტს შეამცირებენ, ისეთი ზომებით, როგორიცაა ფასებზე ზღვრების დაწესება.

კომისია ასევე იზრუნებს ელექტროენერგიის ბაზრის დიზაინის ოპტიმიზაციაზეც, რაც ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობას გულისხმობს რესურსების განადგურების გარეშე და მწვანე გზებზე ინვესტირებით.

 

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება 2030 წლამდე

ამ მიზნის მისაღწევად ევროკომისია ისეთი გეგმის შემუშავებას სთავაზობს ევროკავშირს, რაც გაზრდის ევროკავშირის მასშტაბით ენერგოსისტემების მოქნილობას. ეს გეგმა ორ მთავარ მიზანზე იქნება დამყარებული.

1) გაზის მომწოდებლების მრავალფეროვნება: მოიცავს არარუსი მომწოდებლებისგან მეტი თხევადი ბუნებრივი აირისა და გაზსადენების იმპორტს, ბიომეთანისა და აღდგენადი წყალბადის წარმოებასა და იმპორტს.

2) წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირება ჩვენს სახლებში, შენობებში, საწარმოებსა და ენერგო სისტემებში. ამის მიღწევა შესაძლებელია ენერგოეფექტურობის გაზრდით, განახლებადი რესურსების მარაგის შექმნითა და ელექტროფიკაციით.

ევროკავშირის მწვანე ტრანზიციის გეგმის Fit for 55 განხორციელების შემთხვევაში, 2030 წლისთვის წიაღისეული გაზის ყოველწლიური მოხმარება 30%-ით შემცირდება.

გეგმით გათვალისწინებული ზომებით შესაძლებელი გახდება მინიმუმ 155 მილიარდი კუბური მეტრი წიაღისეული გაზის გამოყენების შემცირება, რაც გაუთანაბრდება რუსეთიდან 2021 წელს იმპორტირებულ მოცულობას.

ამ მოცულობის მინიმუმ 2/3-ის შემცირების მიღწევა ერთ წელში იქნება შესაძლებელი, რაც მათი თქმით ევროკავშირის ერთ მომწოდებელზე ჭარბ დამოკიდებულებას დაასრულებს.


close დახურვა