ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირმა რუსეთისთვის მოამზადა მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომელსაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაუწესებენ.
"ჩვენ მოვამზადეთ მკაცრი და ყოვლისმომცველი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები, ეს მოიცავს უცხოურ კაპიტალზე წვდომის შეზღუდვას და ექსპორტის კონტროლს, განსაკუთრებით ტექნიკურ საქონელზე." - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სანქციების მიზანია რუსეთის ეკონომიკა უფრო მყიფე გახდეს. მისი თქმით, სანქციები შეეხება პუტინთან დაახლოებულ პირებს და ოლიგარქებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის მომავალიც, იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ მოიქცევა რუსეთი.
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენს რუსეთიდან გერმანიამდე ტერიტორია უნდა დაეფარა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკს პროექტის შეწყვეტაზე არ უსაუბრია თუმცა დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში პროექტს სანქციები დაემუქრება.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რუსეთიდან დასავლეთ ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის გაორმაგებას ითვალისწინებს.
გაზსადენის მშენებლობას 5 წელი დასჭირდა და პროექტი 11 მილიარდი დოლარი ჯდება.
24 იანვარს ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა ისიც, რომ ევროკავშირი უკრაინას რუსეთთან კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ფინანსური საჭიროებებისთვის დამატებით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს.