თბილისში ევრონესტის ვიზიტის საპასუხოდ, მმართველი გუნდი ბრიუსელში დელეგაციას აგზავნის. ერთდღიანი ვიზიტის დროს ირაკლი კობახიძეს და მისი გარემოცვის წევრებს, - ბექა ოდიშარიას, კახა კუჭავასა და დავით სონღულაშვილს ის უმწვავესი კრიტიკა უნდა გაენეიტრალებინათ, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს ევროპარლამენტარების მხრიდან მოჰყვა.
კობახიძე და მმართველი გუნდის სხვა წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ, მათ ევროპარლამენტში ერთი შეხვედრა ჰქონდათ, ქართული ოცნების პარტნიორი პარტიის სოციალ დემოკრატების ერთ დეპუტათთან, ნაჩო სანჩესთან.
კობახიძის თქმით, ვინც ერკვევა კონსტიტუციაში, მათთვის ნათელია, რომ ე.წ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, მისივე თქმით მათი ვიზიტის მიზანია ღიად მიაწოდონ ევროპარლამენტარებს ინფორმაცია იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში დღეს მიმდინარეობს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაცია იმისათვის, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები, ჩვენ წარვუდგინეთ რა თქმა უნდა ჩვენი შეხედულებები იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება საქართველოში, ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა გვქონდა ჩვენს მეგობრებთან და საბოლოო ჯამში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, იმას რომ პოლიტიკური პროცესები სწორი მიმართულებით წარიმართოს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება, რომ დიალოგს გავაგრძელებთ თუ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული წინადადებები ოპოზიციის მხრიდან ჩვენ მზად ვართ, რომ ეს წინადადებები განვიხილოთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის წარმომადგენელების თქმით, ევრონესტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ევროპარლამენტარებისგან მხარდაჭერა აქვთ.
ევრონესტის დელეგაცია მუშაობას თბილისში კვირიდან შეუდგება, გაიმართება კომიტეტის შეხვედრები, ევროდეპუტატები „ფორმულასთან“ ამბობენ, რომ მათ სურთ მოლაპარაკებები არამხოლოდ პოლიტიკოსებთან არამედ ახალგაზრდებთან, არასამთავრობოებთან, სამოქალაქო სექტორთან და ისინი გასვლას თბილისის ქუჩებშიც აპირებენ.