უეფამ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპალიგის 2020/21 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩაატარა, სადაც ტურნირში მონაწილე ქართული კლუბების მეტოქე გაირკვა.
ევროპალიგის ახალ სეზონში დინამო ბათუმი, საბურთალო და თბილისის ლოკომოტივი იასპარეზებენ. სამივე ქართული გუნდი წილისყრის წინ განუთესავი იყო.
ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, 27 აგვისტოს ჩატარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, შეცვლილია ფორმატი - დაპირისპირებები ერთმატჩიანი იქნება და უმაყურებლოდ გაიმართება. მასპინძელთა ვინაობაც წილისყრის შედეგად დადგინდა.
დინამო ბათუმის მეტოქე ბეერ-შევას ჰაპოელი იქნება, რომელსაც გია გეგუჩაძის გუნდი სტუმრად ისრაელში დაუპირისპირდება.
საბურთალო სტუმრად კვიპროსში, ლიმასოლის აპოლონთან ითამაშებს.
შინ მოუწევს თამაში თბილისის ლოკომოტივს. გია ჭიაბრიშვილის გუნდი კრაიოვას უნივერსიტატიას (რუმინეთი) უმასპინძლებს.