logo
ENG



ევროპარლამენტარები: დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული არჩევნებზე გამოვლენილი ყველა დარღვევა

28 ოქტ 202417:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/28/665849nwpfwdy3s.jpg

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარემ სერგეი ლაგოდინსკი საქართველოში არჩევნებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ის უაღრესად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

ევროპარლამენტარები მიუთითებენ ქართველი ხალხის ჩართულობაზე და ამბობენ, რომ "ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა ერთგულება დემოკრატიის მიმართ, არა მხოლოდ დიდი რაოდენობით არჩევნებში მონაწილეობით, ასევე ამ არჩევნების დაკვირვებაში აქტიური მონაწილეობითა და დარღვევების გამოვლენით".

ევროპარლამენტარებს განცხადებაში მოყვანილი ჰყავთ OSCE/ODIHR-ის წინასწარი მიგნებები, რომელიც მოიცავდა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციასაც და საუბარია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე.

"საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებს შორის, იყო ძალადობის, მოსყიდვის, ორჯერ ხმის მიცემის, მედიისა და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნების შიგნითა და გარეთ ამომრჩევლების დაშინების შემთხვევები. ყველა გამოვლენილი დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ და აღმოფხვრან შესაბამისი საჩივრებისა და გასაჩივრების პროცედურების ფარგლებში", - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ახლა საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტია და აღნიშნავენ, რომ ეს იყო პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც ქვეყანას ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, შემდეგ კი "უცხოელ აგენტებზე" კანონის მიღების შემდეგ დე ფაქტო შეჩერდა ეს პროცესი.

"ქართველი ხალხი მუდმივად ამტკიცებს, რომ სურს დემოკრატიული საქართველო ევროკავშირში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება მშვიდობიანი და დემოკრატიული, დაუყოვნებლივ გადადგმული ნაბიჯები კი საქართველოს დააბრუნებს ევროპულ გზაზე და ქართველების მისწრაფებებს აასრულებს.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში განვითარებული მოვლენების ყურადღებით დაკვირვებასა და მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების წინსვლას", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა