„ფორმულამ" ევროპარლამენტარების წერილი „ოცნების" დეპუტატებს აჩვენა თუმცა, მათ დოკუმენტის წაკითხვა არ ისურვეს. მწვავე კრიტიკაზე საუბარს მართველი გუნდიდან ყველა გაექცა, გამონაკლისი პარტიის გენერალური მდივანი აღმოჩნდა. კახი კალაძემ ევროპელი კანონმდებლების კრიტიკას ცინიზმით უპასუხა. არადა, ევროპარლამენტარების წერილის გამოქვეყნება სწორედ სტრასბურგში „ოცნების" ვიზიტის პარალელურად მოხდა. უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე და დავით სონღულაშვილი ბელგიაში ევროპელ კანონმდებლებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ.
ეს ფაქტი ოპოზიციას აძლევს საფუძველს ივარაუდოს - რომ პარტნიორებს „ოცნების" აღარ სჯერათ. წერილი, რომელსაც ხელს ევროპარლამენტარები აწერენ, ქვეყანაში არსებულ ვითარებას ზუსტად ასახავს. კიდევ უფრო საგანგაშოა ანალიტიკოსთა პროგნოზი. ექსპერტები შიშობენ, რომ „ოცნების" არაადექვატური ქმედებები ქვეყანასაც ძვირად დაუჯდება. დღის წესრიგში შესაძლოა სანქციები დადგეს - ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებისა და ვიზალიბერალიზაციის კუთხით.
ძალის გადამეტება მშვიდობიანი აქციების დასაშლელად, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შეუსრულებელი დაპირებები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უმწვავეს წერილს იღებს. ტექსტის შინაარსი „ფორმულასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. კრიტიკული წერილის ადრესატი გიორგი გახარიაა.
ევროპარლამენტარები მწვანეთა პარტიიდან დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, მოამზადოს ცვლილებები პროპორციული სისტემისთვის, ევროპელი პოლიტიკოსები წუხან კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებიდან საქართველოს უკუსვლის გამო.
ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კრიტიკულ წერილს, რომლის ადრესატიც პრემიერი გახარიაა, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარები საკუთარ განცხადებებში ფრთხილად უნდა იყვნენ.