ბიძინა ივანიშვილის ტყუილს უცხოელი პარტნიორების მწვავე რეაქცია მოჰყვა. იმედგაცრუებულები არიან ევროპარლამენტარები. ბრიუსელში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი.
დავით ზალკალიანმა „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა იმის შესახებ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად, შეხვედრებს სწორედ ევროპელ დეპუტატებთან ითხოვს. ბუნებრივია, საუბრის თემა სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება და აქციის დარბევა იქნება.
„სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა. აუცილებელია, რომ ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში და გაგრძელდეს საუბარი," - განაცხადა ზალკალიანმა.
ევროპარლამენტარები კი აცხადებენ, რომ იმედგაცრუებულები არიან. როგორც „ფორმულასთან“ ევროპარლამენტის მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე სვენ მიქსერმა განაცხადა, ევროპარლამენტარები ელიან, რომ საქართველო მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ქვეყნებში სხვადასხვა საარჩევნო სისტემა გვაქვს, ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან რეფორმას განახორციელებს. ყოველთვის ველით, რომ მთავრობა გაატარებს რეფორმას პარლამენტის საშუალებით," - განაცხადა მიქსერმა.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი კი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო იმედგაცრუებულები არიან.
„გავაკეთეთ განცხადება და გამოვხატეთ ჩვენი იმედგაცრუება განვითარებული მოვლენების გამო. როდესაც არსებობს საარჩევნო სისტემის შეცვლის დაპირება მათ შორის ევროპელი პარტნიორების მიმართ და მოვლენები სხვა მხრივ ვითარდება, ეს იწვევს შეკითხვებს,“ - განაცხადა კალიურანდმა.
ქართველმა დეპუტატებმა კი აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტარებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრები საკმაოდ ღია იყო. მათ აღნიშნეს, რომ არის ღია წუხილი მოსამართლეების სიასთან და პროპორციულ საარჩევნო სიაზე არ გადასვლის გამო.
„ივანიშვილი დასავლეთში ნდობას კარგავს და ეს არის გზა, რომელიც ივანიშვილს ცუდ ადგილას მიიყვანს. შეუძლებელია შეგრჩეს შენი ქვეყნისა და ქვეყნის პარტნიორების გადაგდება," - განუცხადა „ფორმულას" „ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ.
ევროპარლამენტარები თბილისში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვლენ და აქაც დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.