logo
ENG



ევროპარლამენტარი ოცნებაზე: ამდენი დისკუსიის შემდეგ, მათ არ ესმით შექმნილი მდგომარეობა

13 თებ 202021:46
3 წუთის საკითხავი
 
grkdiheb8hneurg.jpg

ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა რასა იუკნევიჩიანემ სტრასბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დელეგაციამ, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენდა, საქართველოს შესახებ არსებულ რეზოლუციაში დაბლოკა ყველა ცვლილება.

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია.

„ვწუხვარ რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ განცხადების სამუშაო ვერსია ძალიან სუსტი იყო. ის არ ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას. ბევრი ადამიანი ხვდება ამას. ევროპარლამენტის ბევრმა წევრმა შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები. ჩვენ უფრო დაბალანსებული ტექსტი გვინდოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. ქართული ოცნების დელეგაციამ, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენდა, დაბლოკა ყველა ცვლილება.

მე ძალიან გულნატკენი ვარ, რადგან ამდენი ოფიციალური თუ არაოფიციალური დისკუსიების შემდეგ, მე ვხედავ, რომ მათ არ ესმით მდგომარეობა და ის თუ როგორ აღიქმებიან ისინი ევროპარლამენტში, ევროკავშირში. Მე ვფიქრობ, ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული, რომ სწორად შეაფასონ მდგომარეობა. ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილის მისამართით არ შეცვლილა - ამ სიტუაციაზე ის არის პასუხისმგებელი და სამწუხაროდ, ის აზიანებს ევროპულ გზას. მაგრამ ადამიანები ქართული ოცნებიდან, ვინც დღეს მაგიდასთან ისხდნენ, არ არიან ევროკავშირის წინააღმდეგ, ასე რომ ისინი ხელახლა უნდა დაფიქრდნენ და პარტიის შიგნით უნდა ჰქონდეთ დისკუსია. დამატებათა დიდი ნაწილი სწორედ მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა“, - აცხადებს იუკნევიჩიანე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად, დეკლარაცია ჩავარდა. ერთობლივი დოკუმენტით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება ფასდებოდა. იმის გამო, რომ ევროპარლამენტმა დეკლარაციაში კრიტიკული შესწორებები შეიტანა, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ დოკუმენტი ჩააგდო. შესწორებები კი  „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას, მედიამენეჯერებზე, მათ შორის „ფორმულას“ დირექტორზე ზეწოლის მიუღებლობასა და საპარლამენტო არჩევნებისთვის სამართლიანი სისტემის შემუშავებას ეხებოდა. 

 


close დახურვა