logo
ENG



ევროპარლამენტარი საკონსტიტუციო კანონპროექტის მხარდაჭერაზე: ეს პოზიტიური სიგნალია

22 ივნ 202008:04
3 წუთის საკითხავი
 

დასავლელი ლიდერების მილოცვებს უერთდება ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე საკონსტიტუციო კანონპროექტის მხარდაჭერას დადებითად აფასებს.

„კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 136 ხმით მიიღო ცვლილებები. ცხადია ეს პოზიტიური სიგნალია. მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს, საქართველოს უკეთესი ინტერესებისთვის, ხმა მათი ვალდებულებების შესაბამისად მისცენ", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში". 

შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.

განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. 

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

 

 


close დახურვა