გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი ქართული ოცნების წევრებს მოუწოდებს, "ევროპულად მოიქცნენ".
გალერმა კომენტარი ქართული ოცნების დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის ფეისბუქზე დაწერა - მმართველი გუნდის წევრებმა ერთობლივი ფოტო მას შემდეგ გამოაქვყნეს, რაც განაცხადეს, რომ ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს EU-ს წევრი.
"კარგი, მაშინ ევროპულად მოიქეცით, რათა შეასრულოთ ვალდებულებები. და ეს მოწოდება მიემართება ყველას, ვისაც ეს ეხება". - დაწერა გალერმა.
გუშინ, 2 მარტს, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2024 წლის ნაცვლად 2022 წლის 3 მარტს შეიტანს.
1-ლ მარტს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის გაკეთებაზე "ემოციური აჟიოტაჟი" შეიქმნა და რომ კავშირის წევრობის შეთავაზება რელევანტურია უკრაინისთვის, მაგრამ არა საქართველოსა და მოლდოვისთვის.
1-ლ მარტს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აქციაზე სამი მოთხოვნა წამოაყენა - გადადგეს მთავრობა, დაიკეტოს ცა რუსეთთან და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაკეთდეს.