ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, იტალიელმა პინა პიჩერნომ შიმშილობა გამოაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში (ხერსონის ოლქი) შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარების გამო. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სრულ ბლოკადაში რჩება 1 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 50-ზე მეტი ბავშვი, რომელთაც არ აქვთ საკვები, მედიკამენტები, წყალი და ელექტროენერგია.
პიჩერნოს ცნობით, მის არაძალადობრივ საპროტესტო აქციას უკვე 450-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ისინი კრემლისგან ჰუმანიტარული ტვირთის დაშვებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციას ითხოვენ. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ სჯერა პუტინის მშვიდობისმოყვარეობის და დასძენს:
„არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ უამრავი ადამიანი, ფაქტობრივად, შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას და ეს ხდება საყოველთაო გულგრილობის ფონზე“. იტალიელმა პოლიტიკოსმა რუსეთის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა: „პუტინს ვეტყოდი, რომ ის დამნაშავესა და მკვლელივით იქცევა.ადამიანი, რომელიც გულგრილად უშვებს, რომ 50-ზე მეტი ბავშვი შიმშილით დაიღუპოს, ხოლო მოხუცებს, ავადმყოფებსა და ქალებს გადარჩენის საშუალებას არ აძლევს, სწორედ დამნაშავე და მკვლელია“.
იგი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეებს ისტორია განსჯის და მოითხოვს, რომ ოლეშკის მცხოვრებლებს სიცოცხლის გადარჩენის გარანტია მიეცეთ.
