logo
ENG



ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი რუსულ კანონს აკრიტიკებს

16 აპრ 202414:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/16/inp1yjnc34uioik.jpg

ევროპარლამენტის პრეზიდენტი პინა პიჩერნო ქართული ოცნების მიერ ხელახლა მობრუნებულ რუსულ კანონს აკრიტიკებს. მის წერილს დეპუტატი თამარ კორძაია ავრცელებს.

პიჩერნო განცხადებაში რამდენიმე დღის წინ ოცნების დეპუტატის ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმსამართით გამოთქმულ უხამს, სექსისტურ რეპლიკასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის პრორუსულ განწყობებთანაა თანხვედრაში. შემდეგ კი რუსულ კანონზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა შეზღუდვებაზე არსებულ შეშფოთებას კიდევ უფრო აძლიერებს.

განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"ქალბატონო თამარ, გულწრფელ მადლობას გიხდით ჩემთან დაკავშირებისთვისა და ამ მნიშვნელოვანი წერილის გაზიარებისათვის. ამ მოვლენამ ღრმად აღმაშფოთა. საქართველოს პარლამენტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით დეპუტატ ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და ქალი დეპუტატების მიმართ უხეში არასათანადო მოპყრობა, შოკისმომგვრელია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა სამართლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო დაკნინებას.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მტკიცედ მჯერა, რომ აუცილებელია ასეთი ქცევის საჯაროდ მხილება და ამ სამარცხვინო თავდასხმის დაგმობა. ეს არა მხოლოდ ხელს უშლის გენდერული თანასწორობისთვის მიმდინარე ბრძოლას, არამედ მისი დისკრიმინაციული ბუნება ასევე ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებზეც დგას საქართველო და მისი პარლამენტი.

ეს სექსისტური ნარატივი უხერხულად ემთხვევა საგანგაშო პრორუსულ განწყობებს, რაც მძაფრ შეშფოთებას იწვევს და მანიშნებელია დემოკრატიული პრინციპების ეროზიისა. პარტია ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შემოღება კიდევ უფრო აძლიერებს ამ შეშფოთებას ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა შეზღუდვის შესახებ.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა დარჩეს ჩამოყალიბებულ და დემოკრატიულ ინსტიტუტად და თქვენი ბრძოლა სუვერენული, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის გადაჯაჭვულია ბრძოლასთან გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისთვის", - ვკითხულობთ წერილში.

 


close დახურვა