ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, გაუწიონ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება შესაბამისად აღჭურვილ საავადმყოფოში. განცხადება პარტიის ოფიციალური საიტით გავრცელდა.
„ჩვენ სერიოზულად ვღელავთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უსაფრთხოების პირობებზე. ასევე მისი, როგორც პატიმრის უფლებებზე, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების დაცვის კუთხით, როგორც ადამიანის, ვინც უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. მან უნდა მიიღოს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა, შესაბამისად აღჭურვილ საავადმყოფოში
საქართველოს ხელისუფლებამ გასულ თვეს მოიწვია სამედიცინო კონსილიუმი - სპეციალური კომისია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობის მიზნით. მიუხედავად ამისა, კონსილიუმის რეკომენდაციები სრულად არ განხორციელებულა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულყოფილად და დაუყოვნებლივ შეასრულონ რეკომენდაციები“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა და ევროპის სახალხო პარტიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, მაიკლ გალერმა.
განცხადებაში წერია, რომ გალერის შეფასებები მოყვა მედიის საგანგაშო ანგარიშებს დაწესებულების არასათანადო სამედიცინო აღჭურვილობისა და იმ ძალადობისა და საფრთხეების შესახებ, რაც ციხის სხვა პატიმრებისგან ემუქრება სააკაშვილს. ამ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს ომბუდსმენიც.
განცხადებაში ასევე წერია, რომ სააკაშვილმა შიმშილობა პირველ ოქტომბერს დაიწყო. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სააკაშვილს 2018 წელს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს პრეზიდენტობისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. სააკაშვილი ოთხშაბათს სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო, თუმცა მას დასწრების უფლება არ მისცეს.