logo
ENG



ევროპის ქვეყნების ელჩები საქართველოს ევროპის დღეს ულოცავენ

09 მაი 202110:03
3 წუთის საკითხავი
 

დასავლეთი ევროპის დღეს აღნიშნავს. 

დასავლური ქვეყნების ელჩები საქართველოს ამ დღეს ერთობლივი განცხადებით ულოცავენ. 

მასში წერია, რომ ისინი ზეიმობენ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობასაც.  

გთავაზობთ მილოცვის ტექსტს სრულად: 

გამარჯობა, საქართველო! დღეს ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ევროპის დღე თანამშრომლობას ნიშნავს. ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა სტაბილური, წარმატებული ერთობა, რომელიც მსოფლიო ლიდერია ისეთ წამყვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, გარემოს დაცვა თუ ციფრული ტექნოლოგიები.

დღეს, საქართველოში, ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობასაც ვზეიმობთ. საქართველო და ევროკავშირი მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ საქართველოს მთავარი მხარდამჭერები ვართ პანდემიასთან ბრძოლაში.

ჩვენ საქართველოს გადავეცით სამედიცინო აღჭურვილობა და ცოდნა, დავეხმარეთ ვაქცინების მიღებაში და ვეხმარებით ვაქცინაციის პროცესში, გავუწიეთ ფინანსური დახმარება სოციალური მხარდაჭერის და ეკონომიკის აღდგენისათვის.მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ყველა სფეროს აღდგენასა და განვითარებაში.

თანამშრომლობას მოაქვს სიძლიერე. ჩვენ, „ევროპის გუნდის“ წევრები, ერთად უფრო ძლიერები ვართ და ჩვენი შრომის შედეგიც უკეთესია.

საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან ერთად, ევროკავშირი უფრო ძლიერია.

საქართველო უფრო ძლიერია ევროკავშირთან ერთად! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!

  • თომას მიულმანი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი
  • დესისლავა ივანოვა-კოზლევა, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი
  • ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი
  • ხორხე ნიკოლას ლუსინი სერანო დე არო, ესპანეთის სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული
  • დიმიტრიოს კარაბალისი, საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩი
  • ენრიკო ვალვო, იტალიის რესპუბლიკის ელჩი
  • პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი
  • დიეგო კოლასი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი
  • ვიქტორია ჰორვატი, უნგრეთის ელჩი
  • ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი
  • ბერტ შოფს, ბელგიის სამეფოს ელჩი
  • მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი
  • რაზვან როტუნდუ, რუმინეთის ელჩი
  • პაველ ვიზდალი, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი
  • მარეკ შჩიგელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
  • ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის სამეფოს ელჩი
  • კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში
  • მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში
  • კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროპის დღე

საფრანგეთის საგარეო მინისტრმა, რობერტ შუმანმა (Robert Schuman) 1950 წლის 9 მაისს წაიკითხა დეკლარაცია, რომელიც ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის (European Coal and Steel Community, ECSC) შექმნას აცხადებდა. 

თანამეგობრობის დამფუძნებელი წევრები საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი იყვნენ. სწორედ ისაა ევროპული თანამეგობრობის, შემდეგ კი ევროკავშირის წინაპარი. 

დასავლეთ ევროპის მთავრობებმა გადაწყვიტეს, რომ ქვანახშირისა და ფოლადის წარმოებების გაერთიანება ისტორიულ მტრებს – გერმანელებსა და ფრანგებს შორის ომს არა “მხოლოდ წარმოუდგენლად, არამედ პრაქტიკულად შეუძლებლადაც აქცევდა”.


close დახურვა