logo
ENG



ევროპული საქართველო: იოსებ ბაბაევი უნდა გათავისუფლდეს რეჟიმის სხვა ტყვეებთან ერთად

05 ივნ 202420:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/05/725wwxrrge6hyx9.jpg

ევროპული საქართველო აქტივის იოსებ ბაბაევის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ის რეჟიმის სხვა ტყვეებთან ერთად უნდა გათავისუფლდეს.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ მისი დაკავება რეჟიმის მიერ პატრიოტი მოქალაქეების სამართლებრივი და ფიზიკური დევნის კამპანიის გაგრძელებაა.

"აქტივისტ იოსებ ბაბაევს რეჟიმმა იარაღი ჩაუდო და დააკავა მის მიერ მკაფიოდ გამოხატული ანტისამთავრობო, პროევროპული პოზიციის გამო. ადვოკატის თქმით, რეჟიმი ბაბაევს პატიმრობაში ფიზიკურადაც გაუსწორდა.

ეს არის საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების სამართლებრივი და ფიზიკური დევნის კამპანიის გაგრძელება რუსული რეჟიმის მხრიდან, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა უკანონო და ძალადობრივი მეთოდის გამოყენებაზეა წამსვლელი.

იოსებ ბაბაევი უნდა გათავისუფლდეს რეჟიმის სხვა ტყვეებთან ერთად და ეს ასეც მოხდება, როდესაც მოქალაქეები რეჟიმს არჩევნების გზით ხელისუფლებიდან გაისტუმრებენ.

სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარი რეჟიმის წინააღმდეგ კონსენსუსის გაფართოებისთვის უნდა ზრუნავდეს, რათა ოქტომბერში დავასრულოთ პუტინისტურ ძალმომრეობასა და ბოროტებაზე მდგარი რეჟიმი და ხელახლა დავაბრუნოთ ქვეყანა ისტორიული მისიის შესრულების, თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობის გზაზე. არა რუსულ რეჟიმს!", - ნათქვამია განცხადებაში.

***

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აქტივისტი იოსებ ბაბაევი დღეს, 5 ივნისს გორში დააკავა. დაკავება, სავარაუდოდ, უკანონო იარაღის საკითხს უკავშირდება.

როგორც ფორმულასთვის გახდა ცნობილი, იოსებ ბაბაევის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა სუს-ის თანამშრომლებმა იარაღი ვერ აღმოაჩინეს.

იოსებ ბაბაევი აქტიურად მონაწილეობს რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში. ოჯახის წევრები და ახლობლები მის დაკავებას სწორედ ამას უკავშირებენ.

 

close დახურვა