ევროპული საქართველოს წევრებმა სარეკლამო კომპანია ალმას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
პარტია სარეკლამო კომპანიას შერჩევით მოპყრობასა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევაში ადანაშაულებს.
ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, კომპანია ალმამ არ გამოფინაპარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი - სატირული ბილბორდები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმიდან პერსონაჟს იყო შედარებული, რათა ივანიშვილი არ გაენაწყენებინა.
"ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩვენი პოლიტიკური სატირა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიემართებოდა და ჯორჯ ორუელის ნაწარმოებს, ცხოველების ფერმას, რომელიც მას ძალიან უყვარს და მის პერსონაჟს იყო შედარებული, ჩვენ შევუკვეთეთ კომპანია ალმას ბილბორდები, რომ ჩვენი პოლიტიკური სატირა გამოეფინა თბილისის ქუჩებში, მაშინ როდესაც ისინი აკრავდნენ სისხლიან ბანერებს და სამარცხვინო ბანერებს, მაგრამ კომპანია ალმამ, რომელსაც მთელი თბილისის ბილბორდები ეკუთვნის და წარმატებულად არის დალაგებული ქართულ ოცნებასთან, უარი თქვა ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილის - პოლიტიკური სატირის გამოქვეყნებაზე, იმიტომ რომ მას არ სურდა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეწყენინებინა და ძილი დაეფრთხო, ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, რომელიც ნათლად მიუთითებს, რამდენად შერჩევითი დამოკიდებულება აქვს, როგორც ხელისუფლებას, ისე ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ბიზნესებს, როგორ შერჩევითად ეპყრობა პოლიტიკურ პარტიებს". - თქვა გიორგი ნონიაშვილმა.
ნონიაშვილი ამბობს, რომ კომპანია ალმამ კანონპროექტი, რომელიც უარყოფითი შინაარსის კონტენტის არ გამოფენას ეხება ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიის საპასუხოდ წარადგინა. ნონიაშვილის თქმითვე ევროპული საქართველო დავას სასამართლოში გააგრძელებს.
"ჩვენ კომპანია ალმას მოვუწოდეთ, ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინათ, თუმცა ახსნა-განმარტებასაც არ აკეთებენ ამასთან დაკავშირებით. პარალელურად კანონპროექტი შეიტანეს, პოზირებენ ახლა სამარცხვინოდ, რომ თითქოსდა უარყოფითი შინაარსის შემცველი კონტენტი არ უნდა გამოიფინოს თბილისის ქუჩებში, რაც პირდაპირ გვეხება სინამდვილეში, ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაზე პასუხია. ეს არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. ჩვენ კომპანია ალმას წინააღმდეგ დღეს შეგვაქვს სასამართლო სარჩელი, მას მოუწევთ სასამართლოში პასუხების გაცემა და ზიანის ანაზღაურება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რადგან ჩვენ არ გვქონდა საშუალება წინასაარჩევნო კამპანია სრულყოფილად გვეწარმოებინა. ჩვენს პოლიტიკურ სატირას არა მარტო სახელმწიფო აპარატი, პოლიცია, დასუფთავების სამსახური ებრძოდა, ხევდნენ ჩვენს პლაკატებს, არამედ ბიზნეს კომპანიაც. გავაგრძელებთ კომპანია ალმასთან სასამართლოში დავას" , - ამბობს გიორგი ნონიაშვილი.
კომპანია ალმა მოითხოვს, სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი ბილბორდები კანონით აიკრძალოს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით კომპანიამ პარლამენტს უკვე მიმართა. წინასაარჩევნოდ სიძულვილის შემცველი ბანერები სწორედ ალმას ბილბორდებზე გამოჩნდა, რის გამოც კრიტიკის ობიექტი გახდა.
ევროპული საქართველოს მხარდამჭერებმა 27 და 28 სექტემბერს თბილისში პოსტერები გააკრეს. ბანერზე გამოსახულია ბიძინა ივანიშვილი ღორის ცხვირით. ეს ჯორჯ ორუელის ნაწარმოებით, ცხოველების ფერმით შთაგონებული ალეგორიაა.
თბილსერვის ჯგუფმა პარტიის პლაკატები კედლებიდან მალევე გააქრო. კომპანია ალმამ კი ევროპული საქართველოს ბანერები არ განათავსა.
მანამდე კომპანია ალმამ, "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს". - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ბანერები 17 სექტემბერს გამოფინა.