სამართალდამცველებმა პოლიციასთან დაუმორჩილებლობის მუხლით „ევროპული საქართველოს“ ორი წარმომადგენელი - ბესო შავაძე და კობა ზაქარეიშვილი დააკავეს. „ფორმულას“ ინფორმაციით, დაკავებულები ამ წუთებში შსს-ს მთავარ განყოფილებაში იმყოფებიან, სატვირთო კი გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე. როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, ბოლო ინფორმაციით, მათი პარტიის წევრები სანაპიროზე იმყოფებოდნენ, როდესაც პოლიციის ეკიპაჟებმა სთხოვეს, მანქანიდან გადმოსულიყვნენ.
„ჩვენი ბოლო ინფორმაციით, პატრულმა გააჩერა სანაპიროზე და ოთხი ეკიპაჟით იყვნენ გარშემორტყმულები. მას შემდეგ მათ ტელეფონები გაათიშინეს და ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ამ სატვირთოზე იყო შეშა და ვფიქრობდით, რომ გამოგვადგებოდა პიკეტირების დროს, რომ ადამიანები ამ სიცივეში გათბნენ. მაგრამ, როგორც ვხედავთ, პოლიციამ პირდაპირ გაიტაცა ჩვენი სატვირთოც და თანამშრომლებიც“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
მომხდარს ააფსებს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი წევრი ოტხარ კახიძე. მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული ქმედებები, რათა ხელი შეეშალოს აქციის ჩატარებას.
„პოლიცია, სამწუხაროდ, ასრულებს პოლიტიკურ დავალებებს ივანიშვილის მხრიდან. მითითება აქვთ, ხელი შეუშალონ ასეთი პრიმიტიული მეთოდებით“, - აცხადებს ოთარ კახიძე.