logo
ENG



ევროპულმა საბჭომ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული საბუთების არაღიარების გადაწყვეტილება მიიღო

09 დეკ 202200:42
3 წუთის საკითხავი
 
ევროპულმა საბჭომ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული საბუთების არაღიარების გადაწყვეტილება მიიღო

ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიტ რაკუშანის თქმით, საბჭო ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას.

„რუსეთის განგრძობადი აგრესიული ომი უკრაინაში არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უხეში დარღვევა, რომელიც ევროპულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის დამატებითი მტკიცებულება, რომ ჩვენ უკრაინასთან ერთად მტკიცედ ვდგავართ. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების არალეგალურ ანექსიას და ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ უკრაინის უფლებას, რომ გაათავისუფლოს და დაიბრუნოს სრული კონტროლი ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ - განაცხადა რაკუშანმა.

საბჭოს თქმით, ეს გადაწყვეტილება არის პასუხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე და რუსული საერთაშორისო პასპორტების ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის გადაცემის პრაქტიკაზე.

„ეს ასევე პასუხია რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქართული ტერიტორიების აღიარებაზე, 2008 წელს“ - წერია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს თქმით, რუსეთის სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია უკრაინაში რუსეთის ოკუპირებული რეგიონების ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიებზე ან მათი მოსახლეობისადმი არ იქნება მიჩნეული ვალიდურ სამგზავრო დოკუმენტებად, ანუ ამგვარი დოკუმენტების მფლობელები ვერ შეძლებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვიზის მიღება ან შენგენის ზონის საზღვრების გადალახვას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე არ აღიარებენ ან შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედების პროცესში არიან, რომ ამგვარი რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიჩნეოდეს ვალიდურად.

საბჭოს თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი ერთიანი მიდგმის შემუშავებაა, რაც ბლოკის ქვეყნებში ვიზის საერთო პოლიტიკის დანერგვას და მათი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

 

close დახურვა