logo
ENG



ევროსაბჭოს კომიტეტის რეკომენდაციაა, საარჩევნო ცვლილებები ვენეციის კომისიამ კვლავ შეაფასოს

07 მარ 202414:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/07/zpf3omg8yu8fx2s.jpg

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციაა, საარჩევნო ცვლილებები ვენეციის კომისიამ კვლავ შეაფასოს. როგორც ირკვევა, ევროსაბჭოს სურვილია ქართულმა ოცნებამ არ იჩქაროს საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა და მოითმინოს მინიმუმ იმ დრომდე, ვიდრე ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელახლა მოისმენს ვენეციის კომისიის შეფასებას.

ამის განხილვა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე გუშინ, 6 მარტს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის სხდომა LIVE სტრიმით არ გადაიცემოდა, ქართული ოცნების დეპუტატმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ დაადასტურა, რომ მონიტორებმა ეს საკითხი დააყენეს. 

გივი მიქანაძე მონიტორების მიერ ამ საკითხის სხდომაზე დაყენებას "ჩვეულებრივ პროცედურას უწოდებს" და ამბობს, რომ "ეს არის მათი და არა ოცნების გადაწყვეტილება". ის ამბობს, ვენეციის კომისიას ოცნება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე კანონს ხელმეორედ აღარ გაუგზავნის და აღნიშნავს, რომ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს "აუცილებლად დაძლევენ".

"გუშინ მე დამამტკიცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელად. შესაბამისად, ყველა ამ საკითხის საქმის კურსში. [...] მონიტორინგის კომიტეტის წევრი მე არ ვარ, ეკა სეფაშვილი და ანა წითლიძე არიან, თუმცა ის, რომ მონიტორებმა დააყენეს ეს საკითხი, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ეს არის პრაქტიკა, როდესაც ისინი კონკრეტულ კანონმდებლობასთან მიმართებაში, მითუმეტეს საარჩევნო წელთან მიმართებაში ასეთ საკითხს აყენებენ.

ეს არის მათი ინიციატივა, რამდენადაც მე ვიცი. საუბარია იმაზე, რომ ამის გადაგზავნის არსი რამდენად სწორი არის, გამომდინარე იქიდან, რომ ის რაც ჩვენ გავაგზავნეთ და პირველი მოსმენით გვქონდა მიღებული, იმის შემდეგ ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ ისინი გადაწყვეტენ საბოლოოდ, რომ გადაგზავნონ, ეს მათი პრეროგატივაა, როგორც მონიტორების, ეს შეუძლიათ მათ, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ რაიმე განსხვავებული ტექსტი არ იგზავნება, ეს არის იდენტური ტექსტი იმისა, რაც ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს გაეგზავნა ოქტომბერში და რომელზეც უარგუმენტო დასკვნა მოგვივიდა, რომელშიც ეწერა, რომ დაუბრუნდით მექანიზმს, რომელმაც 2 წლის განმავლობაში ჩიხში შეგიყვანა და არანაირი წინსვლა არ მოგვცა.

ეს არის მათი გადაწყვეტილება, ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ ცალსახად ვამბობთ, არაფერი მოუწოდებიათ - უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ეს კანონმდებლობა, რაც მიღებული იქნა, კიდევ ერთხელ მოხდეს ამის გაგზავნა და ეს მათი უფლებაა. თვითონ, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ისინი თავისი მიმართულებით მოქმედებენ, ეს მათი უფლებამოსილებაა, ოღონდ ეს სასწაული და სიახლე კი არ არის, ჩვეულებრივი პროცედურაა.

ტექსტი იდენტურია, ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს იქიდან არ ველოდებით. [...] სწორი არის პოზიცია იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული და რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივმა მოქმედებებმა ეს პროცესები შეიყვანა ჩიხურ მდგომარეობაში, გაიწელა ეს პროცესები. მაშინ, როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი რამდენიმე თვეში, ცესკო არ არის დაკომპლექტებული. [...] ჩვენ ვეტოს დავძლევთ აუცილებლად და უახლოეს პერიოდში დავაკომპლექტებთ ცესკოს და გვაქვს იმედი, მოვუწოდებთ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში, ობიექტურად ვიმსჯელოთ ყველა იმ კანდიდატზე, რომელიც შემოიტანს განაცხადს და თუკი იქნება ობიექტური მიდგომა და არა სუბიექტური დესტრუქცია, ძალიან მარტივად შესაძლებელი იქნება 3/5-ით არჩევა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

5 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.

მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება. 

რას გულისხმობს ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილება - სრულად


close დახურვა