logo
ENG



ევროსასამართლომ მოხეს მეჩეთის საქმეზე რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაცია დაადგინა

17 ნოე 202113:05
3 წუთის საკითხავი
 
ევროსასამართლომ მოხეს მეჩეთის საქმეზე რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაცია დაადგინა
TDI-ის ვიდეო

ევროსასამართლომ მოხეს მეჩეთის საქმეზე რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაცია და ოთხი აპლიკანტის მიმართ არაეფექტიანი გამოძიება დაადგინა. განმცხადებლები საქართველოს მოქალაქეები, მუსლიმი თემის წარმომადგენლები არიან: თეიმურაზ და ოთარ მიქელაძეები და მალხაზ და გოჩა ბერიძეები. 

სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ წინასწარი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასა და ასევე, პოლიციელების მხრიდან დისკრიმინაციის შემცველ გამონათქვამებს.

ევროსასამართლომ, ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთი აპლიკანტის, თეიმურაზ მიქელაძის მიმართ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევას.

2014 წლის 22 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მოხეში ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის დროს, საკულტო ნაგებობასთან მობილიზებულმა პოლიციამ ადგილზე სპონტანურად შეკრებილი მუსლიმები, ჯამში 14 ადამიანი დააკავა.

განმცხადებლების ვერსიით, პოლიციამ ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა.

***

მუსლიმი მოსახლეობის წინაპრები მოხეში 1975-80 წლებში დასახლდნენ. ისინი ამბობენ, რომ მეჩეთი სოფელში 1927-34 წლებში ააშენეს მესხმა მუსლიმებმა.

"სადავო შენობას" 1957 წლიდან კლუბის სტატუსი ჰქონდა, საბჭოთა პერიოდში დიდხანს გამოიყენებოდა საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად. 

2014 წელს, მას შემდეგ, რაც მოხეს მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა, სოფელში სიტუაცია დაიძაბა. ამ ამბავს ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ კი განაცხადა, რომ XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო.

ამავე წლის ოქტომბრის ბოლოს სოფელ მოხეში მშენებლებმა მეჩეთის დემონტაჟი განაახლეს, რის შემდეგაც ადგილზე გამართულ აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, რომ თეიმურაზ მიქელაძეს გადაუხადოს 3 900 ევრო, ხოლო დანარჩენ სამ მოსარჩელეს სათითაოდ 1 800 ევრო.


close დახურვა