logo
ENG



ევსაქები გრიგორიადისი-აკოფაშვილის საქმეების ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვას ემხრობიან

21 აპრ 202317:41
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველო ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის საქმეების ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის მიერ განხილვის მოთხოვნას უერთდება.

"ბრალდებულების საქმეები უნდა განიხილოს არა სანქცირებულმა სასამართლომ,არა ხელისუფლების მიერ შერჩეულმა და მართულმა კლანის წევრებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ.
ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამას ადასტურებს ბინძური, შავრაზმული, დემონიზების კამპანია
ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება ბრალდებულ თორნიკე აკოფაშვილს, ის ორი წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, შემდეგ უკრაინაში იბრძოდა და ისიც ლაზარეს მსგავსად აქციაზე დააკავეს.
ხელისუფლება უარყოფს, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული და თუ ეს მართლა ასეა, მით უმეტეს, მაშინ არაფერი უშლის ხელს იმას, რომ საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეები რიგითმა მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ.
ეს შესაძლებლობას გააჩენს, რომ 21 წლის ახალგაზრდების პოლიტიკური მოტივით სამაგალითოდ დასჯა თავიდან ავირიდოთ. ეს თავის არსით ნიშნავს, რომ რა მუხლებითაც არიან ლაზარე და თორნიკე ბრალდებულები, ეს არის 353-ე პრიმა მუხლი - პოლიციელზე თავდასხმა და 187-ე მუხლი - ნივთის დაზიანება საშიში საშუალებით, ამ მუხლებზე უნდა გაფართოვდეს ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი და მანამდე ლაზარე უნდა გათავისუფლდეს გირაოთი საპატიმრო
დაწესებულებიდან.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ იმ დროს, როდესაც ასეთ მძიმე მდგომარეობაშია ქართული მართლმსაჯულება, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდამჭერს აშშ-ს სანქცირებული ჰყავს სასამართლო კლანის მოსამართლე წევრები, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი არა ერთ ან ორ მუხლზე, არამედ მთლიანად სისხლის სამართლის კოდექსზე უნდა გავრცელდეს, რაც სამომავლო პერსპექტივაში ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს და ისეთი საფრთხის ქვეშ არ დადგებიან, როგორი საფრთხის ქვეშაც ახლა ეს ორი ადამიანი დგას."- განაცხადა "ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი ნონიაშვილი.

* * *

20 აპრილს დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ აქვს სურვილი, ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. 

21 აპრილს მარტის აქციების კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა წარადგინეს პეტიცია, რომლითაც ითხოვენ ბრალდებული აქტივისტის საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

საქართველოს კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის, ტრეფიკინგის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებები. პირის ბრალეულობას ან უდანაშაულობას, პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები ადგენენ, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.


close დახურვა