თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოთხიდან სამი იმპორტირებულია.
ეზუგბაიას თქმით, ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ამ დროისთვის უცნობია.
„დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 1 003 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 853 პაციენტი. ამ მონაცემებით, 87% არიან გამოჯანმრთელებულები ინფიცირებულთა შორის.
4 ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილი შემთხვევაა, ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 1 საკარანტინე სივრციდანაა. მეოთხე შემთხვევის წყაროს მოძიება მიმდინარეობს და ალბათ, ჩაღრმავებული კვლევის შედეგად მოხდება. თითქმის ყველას წყარო დადგენილია რაც დადასტურებული შემთხვევაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ინფექციურში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტი იმყოფება და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამ დროისთვის საქართველოში ვირუსით დაინფიცირდა 1 003 ადამიანი, მათგან 873 გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს - კარანტინის რეჟიმში არის 5640 პირი, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ - 244.
საქართველოში კორონავირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა.
პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა.