logo
ENG



ეზუგბაია: ახალი პაციენტებიდან, ერთი ინფიცირებულთან კონტაქტია, ერთი სატვირთოს მძღოლი

30 ივნ 202011:03
3 წუთის საკითხავი
 
vbv2xt32zfhrgx8.jpg

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ბოლო მონაცემები გააცნო. ეზუგბაიას თქმით, ვითარება სტაბილურია.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კონკრეტულად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს. 

„ქვეყანაში დაახლოებით ორი კვირა სტაბილური სიტუაციაა. ზომიერი სტაბილიზაცია გვაქვს, დღეში 2-3-ზე მეტი არ არის ახალი შემთხვევები. გუშინაც ორი ახალი შემთხვევა იყო და ახლა არის 928 დადასტურებული შემთხვევა. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და ახლა არის 794. ეს უკვე 85%-ზე მეტია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს. ორი ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებული შემთხვევიდან, ხოლო მეორე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, შემოტანილი შემთხვევაა“, - აცხადებს ეზუგბაია.

მისი თქმით, კლინიკაში მძიმე პაციენტი არ იმყოფება.

„ჩვენთან ერთი დადასტურებული შემთხვევა მოთავსდა, გამოჯანმრთელდა ერთი და კვლავ 24 დადასტურებული შემთხვევაა. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენ სხვა პაციენტებშიც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და სიტუაცია მართვადია, მძიმე პაციენტი არ გყვავს“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 928 გახდა, მათგან 794 გამოჯანმრთელებულია. ვირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა. 


close დახურვა