logo
ENG



ეკა ბესელია: მათიკაშვილო, შენ ხარ ამ კლანის იაფფასიანი ლობისტი

23 ოქტ 201920:49
3 წუთის საკითხავი
 
e599oulek48ylfh.jpg

ტრადიციული ხმაურით მიმდინარეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა პარლამენტში. ე.წ. სასამართლოს კლანის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა პაატა სილაგაძემ მის მიერვე წარსულში მიღებულ გახმაურებულ გადაწყვეტილებებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ყოფილი თანაგუნდელები - ეკა ბესელია და დავით მათიკაშვილი. ეკა ბესელიამ მას კლანის იაფასიანი ლობისტი უწოდა.

„მათიკაშვილო, შენ ხარ ამ კლანის იაფასიანი ლობისტი, რადგან შენი ცოლი არის ამ სისტემის ნაწილი. უნდა დატოვო ის ადგილი, სინდისი რომ გაგაჩნდეს. შე ხარ ლაჩარი და ყველაფრის მკადრებელი,“ - განუცხადა მოსმენის მსვლელობისას ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს.

დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატს გაახსენეს ისეთი გახმაურებული განაჩენები, როგორიც იყო დეპუტატ ეკა ბესელიას შვილის და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება, ასევე ნიკა ლომინაძის საქმე. 

„სტატისტიკაში არ გაქვთ არცერთი გამამართლებელი განაჩენი, რატომ? “ - ეკა ბესელიას ამ კითხვაზე მოსამართლეობის კანდიდატმა დუმილით უპასუხა, რის შემდეგად დამოუკიდებელმა დეპუტატმა მას ჯალათი მოსამართლე უწოდა.

დუმილის უფლება სილაგაძემ არაერთხელ გამოიყენა, რამაც მმართველი პარტიის დეპუტატებშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

„თქვენთვის დამაზიანებელია თუ არა ის, რომ დეპუტატის კითხვას პასუხს არ სცემთ?“ - მამუკა მდინარაძის ამ კითხვაზე კი პაატა სილაგაძემ უპასუხა, რომ შესაძლოა იყოს კიდეც დამაზიანებელი, მაგრამ სუბიქეტური განწყობის მქონე დეპუტატებს ის პასუხს არ გასცემდა.

ანა დოლიძე კომიტეტის სხდომაზე დღესაც კითხვის დასასმელად მივიდა, თუმცა კანდიდატთან გასაუბრების საშუალება ანრი ოხანაშვილმა არ მისცა. იუსტიციის საბჭოს წევრს სილაგაძის პოზიცია ყოფილი პროკურორის - სალომე ადეიშვილის ბრალდებებზე აინტერესებდა. დოლიძემ სხდომა დღესაც პროტესტის ნიშნად დატოვა. 

„მე დღეს მინდოდა სილაგაძისთვის მეკითხა ამონარიდი სალომე ადეიშვილის წერილიდან, სადაც მითითებულია პირდაპირ, რომ გარკვეულ საქმეებზე რეკავენ ზევიდან “ - განაცხადა ანა დოლიძემ.

სილაგაძე კანდიდატთა პირველად, 10-კაციან სიაში იყო, რომლის ჩავარდნითაც ოცნების რიგებიდან დეპუტატების გადინება დაიწყო. დღეს გაირკვა, რომ მაშინ მას პირადად მიქაუტაძემ დაურეკა და მოსამართლეობის კანდიდატობა შესთავაზა. პარლამენტში კიდევ 7 კანდიდატს უნდა მოუსმინონ, რის შემდეგაც მათი დამტკიცების პროცესი დაიწყება. შემეგი კანდიდატი ნუგზარ სხირტლაძე იქნება.

 


close დახურვა