logo
ENG



ეკა ბესელია: ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი ჯალათი მოსამართლე არ აირჩიოს პარლამენტმა

10 დეკ 201912:44
3 წუთის საკითხავი
 
yaf36xv5ttv4uit.jpg

საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. ამ კვირაში კანონმდებლებს ორ მნიშვნელოვან საკითხზე მოუწევთ მსჯელობა. ესენია: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გეგმავს, რომ სხდომათა დარბაზში საგანგებო განცხადება გააკეთოს და კიდევ ერთხელ მიმართოს კოლეგებს და მოუწოდოს, რომ მხარი არ დაუჭირონ ე.წ. კლანის მოსამართლეებს.

„შევეცდები გამოვიყენო ამ კვირაში ყველა ფორმატი, ყველა ტრიბუნა და შესაძლებლობა, რომ შევაჩეროთ ეს პროცესი უკვე მეორედ. განცხადებები, რომ სრულად ოცი კაცი შეიძლება არ იყოს დამტკიცებული უზენაეს სასამართლოში ეს წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანია, რომ არც ერთი ჯალათი მოსამართლე, წარსულის ცუდი საქმეების გამკეთებელი ადამიანები, არ აირჩიოს ამ პარლამენტმა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარალელურად იგეგემება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება. ამ გზით ოპოზიციური პარტიის წარმოდგენლები მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას შეეცდებიან.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მხარდაჭერა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხოლოდ რამდენიმე კანდიდატს არ ექნება, დანარჩენები კი ინდივიდუალური კენჭისყრის რეჟიმში დამტკიცდებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად.

„დამატებითი კონსულტაციის გავლის მიზნით, საჭიროდ იქნა მიჩნეული ოთხშაბათის ნაცვლად ხუთშაბათს ჩატარება რეგლამენტის სრული დაცვით. კომიტეტი ჩატარდება ხუთშაბათს ათის ნახევარზე. ვისაც აქვთ სურვილი მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ დაესწრონ კომიტეტის სხდომას. გუნდში არის კრიტიკული დამოკიდებულება დაახლოებით, 3-4 კანდიდატთან მიმართებაში. შესაბამისად, 20 კანდიდატის მხარდაჭერა თითქმის გამორიცხულია“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

სოფო კილაძის თქმით, მმართველმა გუნდმა და თითოეულმა დეპუტატმა კარგად უნდა გაიაზროს ვის უჭერს კონკრეტულად მხარს.

„მმართველმა გუნდმა და თითოეულმა დეპუტატმა კარგად უნდა გაიაზროს ვის უჭერს კონკრეტულად მხარს. არიან კონკრეტული კანდიდატები, რომლებსაც მხარს ვერ დავუჭერ და არიან კანდიდატები, რომლებსაც მხარს დავუჭერ. ამის შესახებ კომიტეტზეც და პლენარულზეც დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას“, - აცხადებს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლის, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.


close დახურვა