logo
ENG



ეკა გიგაური: ეს ხელისუფლება არ არის ადეკვატური

25 ნოე 201917:58
3 წუთის საკითხავი
 
7twx51439gb8c4o.jpg

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ არის ადეკვატური და საერთოდ არ ესმის რას ითხოვს ხალხი.

როგორც მან აღნიშნა, თავისი ქმედებებით, ხელისუფლება მიანიშნებს, იმაზე, რომ არა ერთი და ორი წლით, არამედ განუსაზღვრელი ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას, რაც სიგნალი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

„ვფიქრობ, რომ არ არიან ადეკვატურები. აბსოლუტურად არ აქვთ წარმოდგენა რას ფიქრობს ხალხი. ამ ყველაფრით თითქოს საზოგადოებას ანახებენ, რომ მათ ეს არ ადარდებთ და ძალის დემონსტრაციის პროცესში არიან. ისინი ახლა ფიქრობენ არა იმაზე, რომ ერთი და ორი წლით რჩებიან, არამედ განუსაზღვრელი ვადით და ამისთვის გააკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს. მე მგონია რომ ეს უნდა იყოს ნიშანი საზოგადოებისთვის, რომ ეს არის მიზანი ხელისუფლების, არ განავითაროს ქვეყანა, არ გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრი და ვემსახუროთ ერთ კონკრეტულ ოლიგარქს“, - განაცხადა გიგაურმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, არაფერი შესთავაზოს ქართველ ხალხს.

„ამის სახელი არის სატელიტი პარტიების გაყვანა, თითქოს დამოუკიდებელი კანდიდატებისა. ეს არ არის გზა დემოკრატიისკენ, ეს არის გზა იმისკენ, რომ პროცესი გაგრძელდეს ქუჩაში და იმისკენ, რომ 2020 წლის არჩევნებმა ჩაიაროს დაძაბულობის ფონზე“, - აცხადებს სალაძე.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაცია ხელისუფლების ინტერესებში შედის.

„არ ვიცი ხელისუფლება როგორ ფიქრობს სიტუაციის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას. ხელისუფლება არათუ ეძებს კრიზისიდან გამოსავლის გზებს, არამედ პირიქით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მას აწყობს რომ ეს კრიზისი ასე გაგრძელდეს, რადგან ამ პირობებში უფრო მარტივია პოლარიზება“, - აცხადებს ბენიძე. 

 

 

 


close დახურვა