logo
ENG



ეკა კვესიტაძე ვარაუდობს, რომ ბიძის დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება

23 მაი 202312:23
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის ბიძა ჭიათურის პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. 72 წლის ბადრი ლოლაძე ყვება, რომ გუშინ მასთან სახლში სამართალდამცველები მივიდნენ და გაბზარულ კედელში ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

ბადრი ლოლაძე აცხადებს, რომ ე.წ.ლიმონკა არასდროს ჰქონია და უარი განაცხადა, როდესაც შესთავაზეს ეთქვა, რომ ის მამამისის იყო. ამის შემდეგ ის დააპატიმრეს და გვიან ღამით გაათავისუფლეს. 

"თქვი რომ მამაშენს ჰქონდაო. მეთქი მამაჩემი მკვდარია, რა დავაბრალო. მაშინ დაგაპატიმრებთო, დამაპატიმრეთ, წამიყვანეთ მეთქი. ჩამომიყვანეს, დამაპატიმრეს, გადამიყვანეს. რას ვუკავშირებ და მე აქტიური აღარ ვარ, 71 წლის ვარ და ხანდახან აქციებზე დავდივარ ხოლმე და გამოვდივარ ოპოზიციის აქციებზე, ცვლილებებს, ევროკავშირს ვუჭერ მხარს და არ მინდა ეს რუსეთი", - ამბობს ბადრი ლოლაძე. 

ბიძის დაკავებაზე 22 მაისს წერდა ეკა კვესიტაძეც. ის ვარაუდობს, რომ ბიძის დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება:

"დღეს ჭიათურის რაიონ სოფელ ხრეითში დააკავეს ჩემი 72 წლის ბიძა ბადრი ლოლაძე. რომელიც არის მარტოხელა, ავადმყოფი, სოციალურად დაუცველი, სახლი აქვს ნახევრად დანგრეული მიწისძვრისგან. ამიტომ ჩემი და პატრონობს და ზამთრობით თავის სახლში აცხოვრებს თბილისში. რამდენიმე კვირაა, რაც დათბა და სოფელში წავიდა სიმინდის და ლობიოს მოსაყვანად. ასე ცხოვრობს წლებია. დღეს დილით პატრულის ორი ეკიპაჟი დაადგა სახლში. დაბზარულ კედლებს შორის ძველი, დაჟანგული ლიმონკა იდოო და განყოფილებაში გადაიყვანეს და 72 წლის კაცი იზოლატორში გამოკეტეს. რომ ეთქვა, მამაჩემის იყო ეგ ლიმონკა არ დავაკავებდითო. მაგრამ უარყოფს ჩემი არ არისო. ახლა ვზივარ და თავს ვიტეხ, რატომ შეიძლებოდა დაეკავებინათ 72 წლის კაცი და ჩემი თავის გარდა სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ".


close დახურვა